Tuesday, January 4, 2011

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, მდებარეობს ქუთაისიდან 6 კილომეტრის დაშორებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს.1925 წელს მხარეთმცოდნე - პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს სათაფლიის ნაკრძალში აღმოაჩინა მღვიმეები. ნაკრძალში ისტორიამდელი ორი ძეგლია განლაგებული: ერთი - ცარცული პერიოდის გიგანტურ ცხოველთა - დინოზავრთა ნაკვალევი და მეორე - კარსტული გამოქვაბულები. დღეს იქ 5 კარსტული მღვიმეა. ნაკრძალის ფართობი 354 ჰა-ია. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია დიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ აღსაზრდელებს ძალიან უყვართ სათაფლიის ნაკრძალში სტუმრობა. რამდენჯერმე მოეწყო ლაშქრობა სოფ.გუმბრინიდან სათაფლიის მთაზე. ეს ბავშვებისთვის არამარტო დასვენების, არამედ ზოგადი განათლების დონის ამაღლების საშუალებაა.